- საერთაშორისო სავალუტო ფონდი
- გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც შეიქმნა 1944 წელს ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის გადაწყვეტილებით. ფონდი სრული ავტონომიით სარგებლობს. ფონდის წევრია 180-მდე ქვეყანა. წესდების მიხედვით, ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობას, საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას, თვალყური ადევნოს ვალუტის სტაბილურობას და გასცეს კრედიტები წევრ სახელმწიფოებზე საგადასახადო ბალანსების გასაწონასწორებლად. ფონდის ძირითად კაპიტალს შეადგენს წევრი სახელმწიფოების კვოტური შენატანები. თითოეული სახელმწიფოს კვოტური შენატანის ოდენობა განისაზღვრება ქვეყნის ფინანსურეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელთა გადახედვაც პერიოდულად ხდება. საწევროების 25 პროცენტი იხდება ოქროსა და აშშ დოლარში, ხოლო 75 პროცენტი - ეროვნულ ვალუტაში. კრედიტების ოდენობა, რომელიც შეიძლება ავტომატურად მიიღოს თითოეულმა ქვეყანამ, შეეფარდება მის ,,ოქროს წილს”. ფონდიდან ამ ოდენობაზე მეტი თანხის მიღება შეზღუდულია. კრედიტები ფონდის წევრ ქვეყანას ეძლევა მისთვის საჭირო უცხოური ვალუტის მიყიდვის გზით, რაშიც ვალდებულია გადაიხადოს ეროვნული ვალუტა. 1970 წლიდან ფონდი უშვებს საერთაშორისო საკრედიტო საშუალებებს - ე.წ. ვალუტის ,,სასესხო სპეციალურ უფლებებს”, რომლებიც ფონდის წევრებს შორის მათი კვოტების პროპორციულად ნაწილდება. ფონდში გადამწყვეტ როლს ასრულებენ აშშ, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, კანადა, ბელგია, ნიდერლანდები და შვეიცარია (ე.წ. ათთა ჯგუფი), რომლებსაც ხმების უმრავლესობა აქვთ და განსაზღვრავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სავალუტო პოლიტიკას. ფონდის უმაღლესი ორგანოა მმართველთა საბჭო, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება. საბჭოში შედის თითოეული წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ფონდის შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია 1992 წლიდან.Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
Georgian encyclopedia. 2013.